„ნიკორა სუპერმარკეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, სალომე ჭელიძის ინფორმაციით, „ნიკორას“ სუპერმარკეტებში ყოველ ხუთშაბათს განახლდება პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ქსელში საუკეთესო ფასად გაიყიდება.
„ჩვენთან 7 მაისიდან დაიწყო აქცია. სამომხმარებლო კალათის პროდუქტები გამოვყავით და ყოველ ხუთშაბათს განახლდება ეს პროდუქტები. შესაბამისად, ამ პროდუქტების კატეგორიები და ფასები ხვალაც განახლდება. 7 მაისს რა აქციაც დაიწყო, ეს დღეის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი და ხვალიდან უკვე ახალი შეთავაზება დახვდება მომხმარებელს. ჩვენს ქსელში ისედაც გვქონდა სხვადასხვა საფასო შეთავაზება, თუმცა მომხმარებელს მარტივად რომ გაერჩია სოციალური კალათის აქცია სტანდარტული აქციისგან, გამოვყავით ფილიალში, სადაც აწერია „შეიძინე საუკეთესო ფასად“. ამ კომუნიკაციით სოციალურ ქსელში ბანერებსაც ვდებთ, სადაც პროდუქტები ასახული იქნება ძველი და ახალი ფასებით.
ყოველკვირეულად იცვლება ამ პროდუქტების შემადგენლობაც და ფასებიც. მიმდინარე აქციის ფარგლებში, დაახლოებით, 10-15 დასახელების პროდუქციაა შესული. აქ არის კვერცხი, ქათამი, კარაქი, შაქარი, ფქვილი, ვერმიშელი, მაკარონი, ბურღული და სხვა დასახელების პროდუქტები, რასაც ჩვენს ქსელში ყველაზე უფრო ხშირად ყიდულობს მომხმარებელი. შემდეგი კვირიდან, მაგალითად, მაწვნის ნაცვლად, შესაძლოა, სხვა რძის პროდუქტი იყოს წარმოდგენილი. უბრალოდ, განახლდება პროდუქტების სახეობებიც და, შესაბამისად, ბიუჯეტებიც და ბრენდებიც.
ხვალინდელ პროდუქტებს ვერ დავაანონსებ, დილიდანვე დაიდება სოციალურ ქსელში. ხვალინდელ ჯგუფში ისევ იქნება ბაკალეა, რაც სტანდარტულად ყველა კალათაში გვექნება. რძის პროდუქტებიდანაც აუცილებლად იქნება რამდენიმე პროდუქტი, ასევე, ხორცის პროდუქტებიდან. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, საიდანაც თითო ან ორი პროდუქტი ყველა აქციის შემთხვევაში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სალომე ჭეიძემ.


