„როდესაც საკუთარ თავს „ქვეყნის პრეზიდენტს“ უწოდებ და ინტრონიზაციის დღეს საფრანგეთის პარლამენტში მიდიხარ, რათა მორიგი დეზინფორმაცია და სამარცხვინო რეზოლუცია მოიპოვო – ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“ – დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

9

„როდესაც საკუთარ თავს „ქვეყნის პრეზიდენტს“ უწოდებ და ინტრონიზაციის დღეს საფრანგეთის პარლამენტში მიდიხარ, რათა მორიგი დეზინფორმაცია და სამარცხვინო რეზოლუცია მოიპოვო – ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის განხილვას დაესწრო.

„დაყოფილია ჩვენი საზოგადოება – ამაზე ახლა დეტალურად საუბარი არ გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლარიზებულები ვართ. თუმცა აშკარად ჩანს ნიშნები იმისა, რომ ეს პოლარიზაცია ნელ-ნელა მცირდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ უნიათობის ფონზე, რასაც აწყდება ამ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწინააღმდეგეთა თითოეული მცდელობა — მოაწყონ პოლიტიკური გადატრიალება, მაგალითად აიღონ რომელიმე უცხო ქვეყნის გამოცდილება და იმ დროშის ქვეშ დადგნენ, სხვადასხვა თემას ამოეფარონ. მათ შორის, გვახსოვს, რა აჟიოტაჟი იყო მაწანწალა ძაღლების საკითხთან დაკავშირებით, ხოლო ბოლო და ყველაზე სამარცხვინო მცდელობა ეკლესიური გადატრიალების მოწყობა იყო.

სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უწმინდესის მთელი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი ფიზიკურად დაუძლურებული იყო, საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით ეკლესიას ლანძღავდნენ, პირადად ილია მეორეს შეურაცხყოფას აყენებდნენ — დღეს სწორედ იმავე ბანაკში ნიანგის ცრემლებს ღვრიან: თურმე როგორ უყვარდათ გარდაცვლილი ილია მეორე და თურმე როგორი „არასწორი არჩევანი“ გაკეთდა.

აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია – ისინი ყველა გზას მიმართავენ, ყველას ამოეფარებიან ფარად, ოღონდ არა ქართულს, არა საქართველოს და არა დედა ეკლესიას.

როდესაც საკუთარ თავს „ქვეყნის პრეზიდენტს“ უწოდებ და ინტრონიზაციის დღეს საფრანგეთის პარლამენტში მიდიხარ, რათა მორიგი დეზინფორმაცია, ცილისწამება და სამარცხვინო რეზოლუცია მოიპოვო, რომელსაც საფრანგეთის პარლამენტის მხოლოდ 11%-მა დაუჭირა მხარი – ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ადამიანებთან გვიწევს თანაცხოვრება, თუმცა მადლობა ღმერთს, მათი მასშტაბები მცირდება. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ასეთ უსამართლობასა და სიგიჟეს, შესაძლოა, არა 11%, არამედ 70%-იანი მხარდაჭერაც კი ჰქონოდა. ამიტომ, თუ დღეს ეს მაჩვენებელი 11%-ია, ხვალ შეიძლება 5% გახდეს, შემდეგ კი, იქნებ, საერთოდ ნულამდეც დავიყვანოთ ყველაფერი“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.