გიორგი გაბუნია ქართული ტელევიზიების მიმართ ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებებზე: „ეს არის სრულიად მიუღებელი თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ სიტყვაზე“

20

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია „POSTV“-ის ეთერში გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს – „POSTV“-ს, „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს – აკრედიტაციაზე განმარტების გარეშე უთხრა უარი.

„ეს არის სრულიად მიუღებელი თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ სიტყვაზე, რაც, ფაქტობრივად, არსებული ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ევროპული ინსტიტუტები იმყოფებიან. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებამ რეალურად წარმოაჩინა მოლდოვის დემოკრატიის მასშტაბი. შემთხვევით არ მიხსენებია ერთად ეს ორი ინსტიტუცია, რადგან ფაქტობრივად ევროსაბჭო და ევროკავშირი ერთობლივად, სრულ თანხვედრაში და სინქრონიზებულად მოქმედებენ.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ არც ეს გადაწყვეტილება და არც შემდგომი შეტევები გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან დღეს საქართველოში მთავარი დარტყმისა და შეტევის სამიზნე დემოკრატია, მართალი და თავისუფალი სიტყვაა.

თქვენი ტელევიზიების საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც პრაქტიკულად ორგანიზებულად და გარე დაფინანსებით მოედინებოდა სიბინძურისა და დეზინფორმაციის ნიაღვარი, რითაც საქართველოში რევოლუციური პროცესების განხორციელებას ცდილობდნენ, საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლეოდა გაეგო სიმართლე, მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სწორი ანალიზისა და შეფასებების გაკეთების საშუალებას იძლეოდა იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა იდგა.

მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო თქვენს ტელევიზიებს. განსაკუთრებით სასაცილოა მოლდოვის გადაწყვეტილება აკრედიტაციის არმიცემასთან დაკავშირებით სამი ტელევიზიისთვის – „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი არგუმენტი, თუ რის საფუძველზე მოხდა უარის თქმა. თუმცა ეს არ გვიკვირს, რადგან ვიცით, რა მდგომარეობაა დღეს მოლდოვაში – ეს არის ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად ეგზისტენციალური, ინსტიტუციური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, 2022-2024 წლებში იქ არც მეტი, არც ნაკლები, 12 ტელევიზია დაიხურა: 2022 წელს — 6, ხოლო 2024 წელს — კიდევ 6. ეს ყველაფერი მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და გაუგებარი არგუმენტების ფონზე.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ერთი ტელევიზია დაეხურა ყოველგვარი არგუმენტისა და სამართლებრივი პროცესის გარეშე – უბრალოდ იმიტომ, რომ ის მისთვის არასასურველი იყო. რა მოხდებოდა მაშინ და როგორ ქარცეცხლში გაგვატარებდნენ?

ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა შესაძლებელია — მნიშვნელობა არ აქვს, მისაღებია ის ჩვენთვის თუ მიუღებელი — რეალურად არსებობს სატელევიზიო, რადიო და ზოგადად საინფორმაციო სივრცე, სადაც ყველა სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მედია პლურალიზმი და მედიის თავისუფლება არსებობს. სწორედ ამ პირობებში კი ვისმენთ სრულიად ალოგიკურ და რეალობას აცდენილ შეფასებებს“, — განაცხადა გიორგი გაბუნიამ.