საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია „POSTV“-ის ეთერში გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა გახდა.
„რას წარმოადგენს და ვინ არის რასა იუკნევიჩიენე, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ის არის ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, დე-იურე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია და პირდაპირ მონაწილეობს პარტიის მესიჯბოქსის შექმნაში, ასევე იმ კამპანიებში, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში ვიხილეთ.
ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალს ადევნებს, მისთვის განმარტებაც არ არის საჭირო, რომ ეს არის ერთი ძალა, ერთი გუნდი, ბალტიისპირეთის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ევროსაბჭოში, ვეროპარლამენტში, მათ შორის სკანდინავიური ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად და სინქრონიზებულად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ როგორც ევროსაბჭოში, ისე ევროპარლამენტში.
ამის მთავარი მიზეზი კი ერთია – საქართველო არ ჩაერთო იმ დამანგრეველ პროცესებში, რომელსაც ეს პოლიტიკური ჯგუფები წლების განმავლობაში ახალისებდნენ და პირდაპირ ახდენდნენ პედალირებას იმ საშიში პროცესების ევროპაში, რა პროცესებიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და რა პროცესებშიც დღეს თავადაც არიან ჩართული“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


