გიორგი გაბუნია ლგბტ პროპაგანდაზე: „პრაქტიკულად, ეს არის თანამედროვე ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია ტყვიის გასროლის გარეშე გაანადგუროს ერი. ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა და ამიტომ ასეთი იდეოლოგიის ძალით თავს მოხვევა ჩვენს საზოგადოებაზე არ გამოვა“

20

„პრაქტიკულად, ეს არის თანამედროვე ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია ტყვიის გასროლის გარეშე გაანადგუროს ერი. ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა და ამიტომ ასეთი იდეოლოგიის ძალით თავს მოხვევა ჩვენს საზოგადოებაზე არ გამოვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან საშიში იდეოლოგია, რომელსაც, ფაქტობრივად, შეუძლია ევროკავშირი განადგურებისკენ წაიყვანოს. საზოგადოება, რომელიც ასეთი მავნე გავლენით იკვებება, კარგავს განვითარების, მორალური სიძლიერისა და მდგრადობის პერსპექტივას. ხოლო სუსტი საზოგადოება ვერ უძლებს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას.

დღეს ევროკავშირი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშეა. ამ პროცესის ფესვები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ამ იდეოლოგიამ თანდათან დაიწყო გაძლიერება. 2001 წელს, თუ არ ვცდები, ნიდერლანდებში ერთსქესიან წყვილებს შორის ქორწინების ლეგალიზაცია მოხდა, რასაც შემდგომში სხვა ქვეყნების მხრიდანაც მოჰყვა მსგავსი გადაწყვეტილებები და 2015 წლისთვის დასავლური ქვეყნების უმეტესობაში აღნიშნული პრაქტიკა უკვე ლეგალიზებული იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თემა ნაწილობრივ მიჩუმათებული იყო როგორც ევროპაში, ისე ჩვენს ქვეყენაშიც, და მასზე განსაკუთრებული აქცენტები არ კეთდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ამ იდეოლოგიამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ დღეს ის ფაქტობრივად განადგურებით ემუქრება სახელმწიფოებსა და ერებს.

ამიტომ, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს და გარკვეული შემაკავებელი ნაბიჯებიც იდგმება. მათ შორის უნდა აღინიშნოს უნგრეთი და პოლონეთი, ასევე რაღა თქმა უნდა საქართველო, რომელმაც ამ მხრივ მნიშვნელოვანი და მკაფიო პოზიცია დაიკავა და გარკვეული გადამწყვეტი ზომებიც მიიღო.

აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია. არავინ იჭრება სხვა ადამიანის პირად სივრცეში. ამ შემთხვევაში საუბარია არა პირად ცხოვრებაზე, არამედ პროპაგანდაზე, ამ იდეოლოგიის სახელმწიფოს დონეზე აყვანაზე, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი.

ეს იდეოლოგია არის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საზოგადოება დაასუსტონ და ერები გახადონ მოწყვლადი. პრაქტიკულად, ეს არის თანამედროვე იარღი, რომელსაც შეუძლია ტყვიის გასროლის გარეშე გაანადუროს ერი.

ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ — მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა — და ამიტომ ამგვარი იდეოლოგიის ძალით თავს მოხვევა ჩვენს საზოგადოებაზე არ გამოვა, ამას ჩვენ არასდროს მივიღებთ და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.