საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია „POSTV“-ის ეთერში გამოეხმაურა დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული.
„რა არის „დემოკრატიის აღქმის ინდექსი“ ამ შემთხვევაში? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიის პარამეტრებზე, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი მედიის თავისუფლებაა. მაშინ, როდესაც საქართველოს მუდმივად აკრიტიკებენ ევრობიუროკრატები – იქნება ეს „არადემოკრატიული პროცესები“, „დემოკრატიული უკუსვლა“ თუ სხვა შეფასებები – პარალელურად ვხედავთ, რომ მსგავსი სერიოზული ორგანიზაციები, არაერთი საერთაშორისო, მათ შორის ევროპული კვლევითი ინსტიტუტები პერიოდულად ხაზს უსვამენ საქართველოს წარმატებებს.
მართლაც, საქართველომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ეს წარმატებები ხელშესახები და აშკარად შესამჩნევია როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. ეს სწორედ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ვინაიდან კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა ქმნის უსაფრთხო გარემოს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის თვალსაზრისით მკაფიო შედეგებს.
ასევე აღსანიშნავია ის ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაში გვაქვს. არაერთი პარამეტრი ადასტურებს, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურ ჭრილშიც ერთ-ერთი მოწინავეა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ რა ხდება რეგიონში და მსოფლიოში, როგორი რთული და საშიში პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო, ამ ურთულეს პირობებში ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.
შესაბამისად, მსგავსი კვლევების შედეგები ისე უბრალოდ და უმიზეზოდ არ მოდის, არც ერთ ან ორ დღეში ყალიბდება – ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული, ტიტანური მუშაობის შედეგი, რომელსაც პოლიტიკური ზეწოლისა და ქვეყნის არევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მივაღწიეთ.
ამიტომაც ის კრიტიკა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიმართ ევრობიუროკრატების მხრიდან ისმის, აბსოლუტურად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ლოგიკას აცდენილია, რასაც სწორედ მათივე ევროპული კვლევითი ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული შედეგებიც ადასტურებს და რომელიც მათ წინააღმდეგ ყველაზე ძლიერ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


