არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, თუ როგორ ეპყრობიან ევროპულ ღირებულებებს ევროსტრუქტურებში.
“ქართული ტელევიზიები: „იმედი”, „რუსთავი – 2“ და „POSTV“ არ შეუშვეს მოლდოვის ტერიტორიაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად.
მიზეზად დაასახელეს მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ გაურკვეველი და ბუნდოვანი კანონი. თანაც უთხრეს, – დამატებით განმარტებებს ვერ გავაკეთებთო.
პრინციპში, უკვე აღარც გვიკვირს, როდესაც დღევანდელი დეგრადირებული ევროსტრუქტურები ასე აკნინებენ ევროპულობისა და დემოკრატიის იდეებს.
მათ სწორედ ასე, საბჭოურ სტილში ესმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
მათი გაგებით, მხოლოდ მათთვის მისაღები, მათ მიერვე მეინსტრიმულად გამოცხადებული ისეთი მედიაა მისაღები, რომელიც პროპაგანდას უწევს ომებს, ძალადობას, ლგბტ მოძრაობას, პრაიდებს, ტრანსგენდერებს, ათეიზმს, ასევე მრავალ სხვა უკუღმართობასა და ბოროტებას;
კეთროვნებად აცხადებს მათ მიერ კულტივირებული იდეოლოგიის მოწინააღმდეგეებს.
მარტო ის რად ღირს, რომ მათი ტელეპროპაგანდის საშუალებები დაცინვისა და დაგმობის ობიექტებად აცხადებენ ყველას, ვისაც ანომალიად და არანორმალურად მიაჩნია ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სქესის შეცვლის მანიპულაციები.
ევროპის უმეტეს ქვეყნებში ასეთებს არა მხოლოდ კარიერულ წინსვლაში, არამედ, უბრალოდ, სამსახურის შოვნაშიც აქვთ სერიოზული პრობლემები და იძულებული არიან, ისევე დამალონ თავიანთი ანტიელგბტური განწყობები, როგორც საბჭოთა მოქალაქეები მალავდნენ თავიანთ ანტისაჭოთა პოზიციებს.
ევროპელი მედიაპროპაგანდისტები ვერ ბედავენ, ღიად და მწვავედ დაგმონ საერთაშორისო ნორმების ისეთი აშკარა დარღვევები, როგორიც არის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე პატარა სახელმწიფოს მეთაურისა და მისი მეუღლის გატაცება პირდაპირ პრეზიდენტის სასახლიდან ან ახლო აღმოსავლეთში ისრაელის თუ აშშ-ის აგრესიული სამხედრო ქმედებები, რასაც ათობით ათასი მშვიდობიანი მოსახელეობის განადგურება მოსდევს შედეგად.
მათთვის იმის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია, რომ იმ ტელევიზიებს შეუზღუდონ ევროსტრუქტურებში მუშაობა, რომლებიც მასობრივ ძალადობას ამართლებენ, თუ ეს ტელევიზიები აშშ-ში ან ისრაელში ფუნქციონირებენ.
გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის დასაგმობი და მიუღებელია ამერიკული “FARA-ს” კანონის გადმოქართულებული ვარიანტის მიღება საქართველოში.
იგივენი კრინტს ვერ ძრავენ ამ კანონის მიუღებლობაზე აშშ-ში.(ასეთია მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და სიტყვის თავისუფლების სტანდარტი დღეს).
ჩვენ თვალწინ ხდება: როდესაც ქართული პოლიცია პროპორციულ ან, თუნდაც, ზოგჯერ გადაჭარბებულ ძალას იყენებს პროტესტში მონაწილე კრიმინალების მიმართ, დასავლური მედია ცდილობს, ეს ფაქტები ლამის ხელისუფლების დამხობის წინაპირობად შეასაღოს მსმენელს, ხოლო ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების გაცილებით უფრო სასტიკ დარბევებს ჩვეულებრივ ამბად და ცალკეულ გადაცდომებად წარმოაჩენს.
დასავლური მედიის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი იყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანეთის სამეფო საოპერო თეატრის მიერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნისა იმ ინტერპრეტაციით, რომ თურმე, საქართველოს ხელისუფლებას ის დაუპატიმრებია მხოლოდ იმისთვის, რომ მას საპროტესტო აქციაზე უმღერია.
“ან დაგვემორჩილეთ, ან დაგიპყრობთ!” – საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიისა და მისი მეინსტრიმული მედიის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება.
ევროპული ღირებულებებისგან დაცლილ ასეთ სტრუქტურაში არც მიგვიღებენ და არც უნდა გვინდოდეს, რომ მიგვიღონ!” – წერს ნანა კაკაბაძე.


