შალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია”

13

“ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მედიის წინააღმდეგ მიღებული მტრული გადაწყვეტილების, რომლის მიზანია, დაიხუროს თავისუფალი მედია. დიდი ხანია, მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა ჩქმეტას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ე.წ. მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩადეს ათობით ათასი ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში დღესაც სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოსა და ევროპარლამენტის დაფინანსებით.
საქართველოს პარლამენტში არის ასეთი წესი: თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია, დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. ევროპარლამენტში აღმოჩნდა, რომ თურმე, წინასწარი თანხმობაა საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამაზე.

როდესაც ირღვევა წესი, სანქცია არის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერება, და განმეორების შემთხვევაში – 6 თვით. „იმედს“ ერთი წლით შეუჩერეს აკრედიტაცია. ამაზეც ვიფიქრებთ. მე ვაპირებ, რომ ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ რესპონდენტისგან და ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ. ვიფიქრებთ აკრედიტაციის შეჩრების ვადის გაზრდაზეც“, – განმარტა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი 2-სა“ და „POSTV-ის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.