„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც ასე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილეს.
ანგარიში, რომელიც მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ სიტყვაში რამდენიმე იმ მაჩვენებელს გაუსვა ხაზი, რომელიც ფინანსური სისტემის მდგრადობას განაპირობებს.
„ლარის კურსი სტაბილურია, რეზერვები გასცდა 6 მილიარდს და ეს აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ცუდი სესხები, ე.წ. პრობლემური სესხები, რომლის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის, არის ძალიან დაბალ ნიშნულზე – 2.6 %. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს იყო 12 %, ხოლო 2020 წელს – 8-9%. ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და უტოლდება ბევრ ევროპულ ქვეყანას. განსაკუთრებით მინდა, დეპოზიტები გამოვყო: 10 წლის წინ დეპოზიტების ჯამური მოცულობა 14,4 მილიარდი იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს 66.95 მილიარდი ლარია, თითქმის თანაბარია როგორც მოსახლეობის, ისე კერძო პირებისთვის. სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. დოლარიზაცია 10 წლის განმავლობაში 71.7% -დან შემცირდა 47.8%- მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


