ირაკლი კობახიძე: „სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია. 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა“

31

„დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოსცდა.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.