„პრემიერის ღია წერილზე ჩვენ პასუხს არც ველოდით, თუმცა მთავარი ის იყო, რომ საქართველომ ამ წერილით თავისი პოზიცია დააფიქსირა“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომლითაც საქართველოს პრემიერმა ევრობიუროკრატებს მიმართა.
„ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში საქართველოსთან ყველანაირი დიალოგი შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ მათ არ სურდათ ოფიციალურ დონეზე მოესმინათ საქართველოს არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ საქართველო მართალია, ხოლო ევროკავშირი მას უსამართლოდ სდებდა ბრალს დემოკრატიულ უკუსვლაში, არჩევნების გაყალბებასა და სხვა საკითხებში.
დიალოგის შეწყვეტის მიზეზი ისიც არის, რომ როდესაც ისინი ჩვენგან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრას ითხოვენ, საქართველოს ეს არ შეუძლია, რადგან ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვითარება — მათ შორის ის ფაქტი, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რომლებიც ფაქტობრივად მძევლებად არიან რუსეთის ფედერაციის ხელში. ჩვენ ამ რეალობას ვითვალისწინებთ.
მათ კი სურთ ჩვენთან ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც მათთვის იქნება ხელსაყრელი. ამ შემთხვევაში „ხელსაყრელ პოლიტიკაში“ იგულისხმება ბრიუსელის, ანუ ევრობიუროკრატიისთვის მისაღები პოლიტიკა, რომელიც, თავის მხრივ, არც ევროპელი ხალხების ინტერესებს ემთხვევა.
ეს ბიუროკრატია, რომელიც დღეს ევროკავშირს ევროკომისიის სახით მართავს, ხვალ აღარ იარსებებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ძალები მოვლენ. შემდეგ უკვე დღის წესრიგში დადგება რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც საქართველოს წარსულშიც ჰქონდა და რომელმაც ქვეყანას არაერთი კარგი რეგულაციის დანერგვაში შეუწყო ხელი.
მჯერა, რომ ეს დროც მალე დადგება, რადგან არსებული ევრობიუროკრატია არც ევროპელი ხალხების ინტერესებს ემსახურება და არც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


