„ერთია, რომ პროვოკაციების მოწყობა სურთ და მეორე — ცდილობენ, ეს სახალხო დღესასწაული მიითვისონ. ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსული ადამიანები ისე წარმოაჩინონ, თითქოს ისინი აქციაზე იყვნენ მისულები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„მათგან მორალურობას ნუ მოველით — ეს ზედმეტია. რისი იმედი აქვთ, გაურკვეველია, თუმცა, სავარაუდოდ, გარკვეული ტიპის პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოუვათ.
ერთია, რომ პროვოკაციების მოწყობა სურთ და მეორე — ცდილობენ, ეს სახალხო დღესასწაული მიითვისონ. ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსული ადამიანები ისე წარმოაჩინონ, თითქოს ისინი აქციაზე იყვნენ მისულები.
ამით შეეცდებიან თავიანთ დავალების მიმცემებს აჩვენონ, თითქოს მათ მიერ დაკისრებული დავალება წარმატებით შეასრულეს, რადგან კარგად ვიცით და არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ ხელშესახები რაოდენობის ხალხის მობილიზებას ვერ ახერხებენ. მათ მიერ გამოყვანილი ხალხი ძალიან მცირე რაოდენობისაა და ქვეყანაში ამინდს ვერ ქმნის.
რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული აზრიც და მე ვფიქრობ, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან შეუძლებელია რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ისეთ პოლიტიკას ატარებდეს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მხარი ხელისუფლებას არ დაუჭირეს, ბუნებრივია, იმედგაცრუებულები არიან და სხვა შედეგის დადგომა სურთ.
ამიტომ სრულიად ნორმალურია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ესეც დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია — მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და თავისუფლად შეკრების უფლება. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვებს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნან, როდესაც ამის ობიექტური პირობა არ არსებობს. ობიექტურ პირობაში ვგულისხმობ ხალხის ისეთ რაოდენობას, როდესაც საჭირო ხდება გზის სავალი ან საფეხმავლო ნაწილის გადაკეტვა.
ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთ საინტერესო მეცნიერულ კვლევაზე გავამახვილო ყურადღება. საუბარია ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგრადობას ეხებოდა. ეს არის გერმანული, აკადემიური და მაღალპროფესიული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის დაკავებულია ევროკავშირის საგარეო და გაფართოების საკითხების კვლევით. სწორედ ამ ინსტიტუტმა შეისწავლა კანონის უზენაესობის მდგრადობის საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. საქართველომ ამ კვლევით მიიღო კანონის უზენაესობის მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი შეფასება. საქართველო და მონტენეგრო იყო მოწინავე ქვეყნების რიცხვში, სხვა ქვეყნები ამ ჯგუფში არ ყოფილან.
კანონის უზენაესობის მდგრადობა კი ნიშნავს იმას, რომ კანონები, რეგულაციები მდგრადად, განგრძობითად, კარგად და ეფექტიანად სრულდება. ფაქტობრივად, ჩვენ რასაც ვუყურებთ – კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია. რა თქმა უნდა, მცირე ჩავარდნები, ექსცესები შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ სცემს ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხს. ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კი, ასეთ ჩავარდნებზე, შესაბამისი რეაგირება აქვს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


