გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიაში თანამდებობიდან მისი შესაძლო გადაყენების ვარიანტებს განიხილავენ.
როგორც გერმანული გამოცემები წერენ, ჯერჯერობით, საუბარი კონკრეტულ გეგმაზე არ არის, თუმცა ვიწრო ჯგუფებში, მათ შორის ჩატებში, განიხილებოდა, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სცენარი და რამდენად რეალისტური იქნებოდა მისი განხორციელება საჭიროების შემთხვევაში.
გამოცემა „ბილდი“ განმარტავს, რომ ბუნდესტაგს ახალი კანცლერის არჩევა ნებისმიერ დროს შეუძლია ხმების უმრავლესობით და ამისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელი არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მერცს თანამდებობის დატოვება მოუწევდა – ან საკუთარი ნებით, ან პარტიის ძლიერი ზეწოლის შედეგად.
„ბილდის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც კანცლერის გარემოცვას იცნობს, მერცი საჯარო კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და, შესაძლოა, თავად გადადგეს, თუ რეფორმების გატარებას ვერ შეძლებს. თუმცა სხვა წყარო ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მერცი ნებაყოფლობით არ დათმობს თანამდებობას, რომლის მისაღებადაც მრავალი წელი იბრძოდა.


