საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს

6

საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

“სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. ამავდროულად, ყადაღა დაედო, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირად ღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეებისა და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას – დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6-ის” წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი, ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.