მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება

31

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. განცხადება მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

კოსს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას, რაზეც ევროკომისარმა უპასუხა, რომ აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

„ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ, რაც დღეს ვიცით, არის ის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები – ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ცნობისთვის: მედიის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა და იმ გარანტიების შემუშავება, რაც ახალი წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.