გურამ მაჭარაშვილი: „ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, ან სურვილი გამოთქვა მისი დასახელების პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, იმაზე მეტყველებს, რომ „მოძრაობისა“ და მისი ფილიალების დღის წესრიგი არასდროს შეცვლილა და არც შეიცვლება“

38

„ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, ან სურვილი გამოთქვა მისი დასახელების პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, იმაზე მეტყველებს, რომ „მოძრაობისა“ და მისი ფილიალების დღის წესრიგი არასდროს შეცვლილა და არც შეიცვლება“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური ხარაკირი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა დიდი ხნის წინ ჩაიტარეს. თუმცა მანამ, სანამ სამართლებრივად იარსებებენ, ყოველთვის ექნებათ იმის მცდელობები, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთშიც მუდმივი დაპირისპირება აქვთ.

ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა ან სურვილი გამოთქვა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე, ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ პარტიისა და მისი ფილიალების დღის წესრიგი არასდროს შეცვლილა და არც შეიცვლება, რადგან ისინი პირდაპირ დამოკიდებულნი არიან უცხოურ ძალებზე.

მათი დღის წესრიგი კი ასეთია: რაც იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მინიმუმ იგივე ან უარესი უნდა იყოს დღეს. სხვა შემთხვევაში, თუნდაც სახალისოდ რომ გადავავლოთ თვალი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების ცვლილებებს, ნათლად ჩანს: ნიკა მელია როცა გახდა თავმჯდომარე, განაცხადა, რომ პარტიაში რეფორმებს გაატარებდა და ეს აღარ იქნებოდა ის „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ადრე იყო, თუმცა შემდეგ თავადვე იმპიჩმენტი მოუწყვეს; შემდეგ ლევან ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე და აცხადებდა, რა რეფორმები, რის რეფორმები, ცხენზე ამხედრებული შევვარდები და სააკაშვილს ციხიდან გამოვიხსნიო, თუმცა საბოლოოდ თავად მოუწია ციხეში შესვლა; შემდეგ თინა ბოკუჩავა მოიყვანეს თავმჯდომარედ და ახლა მან განაცხადა, რომ პარტიის რეიტინგს აამაღლებდა, თუმცა ვხედავთ, რომ რეიტინგი კი არა, დღეს უკვე ალიანსიდანაც კი აგდებენ.

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ქვეყანაში ძლიერი, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ჯანსაღად მაკრიტიკებელი ოპოზიცია არ გვყავს — არ მაქვს საუბარი საპარლამენტო ოპოზიციაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 35 წლის თავზე, როდესაც საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივად გამოცხადების შემდეგ, დადგება დრო კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების წარმოჩენისა და გააქტიურებისა, რადგან ეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.