მარიამ ქვრივიშვილი: “ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას”

50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის. იგი განსაკუთრებულ სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქტების ექსპორტს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, ერთი მხრივ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის, მეორე მხრივ კი, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანამატი ჩვენი ეკონომიკის სექტორისთვის.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო უშუალოდ ვაჭრობის სექტორი და წარმოება. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელი შევუწყოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი სავაჭრო პარტნიორების და პოტენციური ბაზრების დივერსიფიცირება.

ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი, რომელიც წარმატებით დასრულდება და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.