“დღეს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა იწყება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.
„ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს.
განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთის ნაკადიც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება, პრაქტიკულად, ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში.
მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე.
განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC), რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ასევე „პეის ჯგუფს“, რომელმაც კერძო ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად აქცია”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი და „პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალი გაიმართა.


