“როდესაც მადლობაზეა საუბარი, მთავარი მადლობა ეკუთვნის მაინც, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას. რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ვერცერთი წარმატება ვერ შედგებოდა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და, რომ არა საზოგადოების სიმტკიცე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერცერთი წარმატება ვერ შედგებოდა.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის.
მე მინდა, პარლამენტს, პარლამენტარებს გადაგიხადოთ მადლობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მუდმივად გრძნობს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას.
მადლობა თქვენ, პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა ვერ იქნებოდა წარმატებული.
მე მინდა, სამთავრობო გუნდს გადავუხადო მადლობა. ეს არის პროფესიონალების გუნდი და ყველა ის შედეგი, რომლის წარდგენის საშუალება მქონდა დღეს, არის თითოეული ამ ადამიანის, თითოეული მინისტრის საქმიანობის შედეგი.
რეალურად, მიღწევები არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მე მქონდა დღეს ამაზე საუბრის საშუალება, დროის სიმცირიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ყველა მიღწევას ვერ შევეხე, თუმცა ის ჩამონათვალი, რაც დღეს წარმოგიდგინეთ, უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც სამთავრობო გუნდმა განახორციელა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მის გუნდს მხარდაჭერისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.


