„ქართველმა კაცმა გააცნობიერა, რომ ეს არის დამღუპველი ძალა, რომელსაც სურს საქართველო ჩააბას იმ სისხლისმღვრელ ომში, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, ამიტომ უკვე მეათე არჩევნებია მათ მტკიცე უარი უთხრა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიაგნო იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელიც ქართველი კაცისთვის არის დამახასიათებელი. რა არის ეს? ეს არის ის სამი რამ, რაც მას გენიოსმა ილია ჭავჭავაძემ უანდერძა — მამული, ენა, სარწმუნოება. აი, ამ იდეის გარშემო რომ ტრიალებს და ეს აქვს ძირითად პოსტულატად წამოყენებული მთელ საარჩევნო პროგრამაში და ცხოვრებაში გასატარებლად, სწორედ ამის გამო იმარჯვებს აგერ უკვე მეათე არჩევნებში. თუ ამ გზას კიდევ გაჰყვებიან, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და მინდა გითხრათ, რას ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა წარმატებაში — ეს არის მშვიდობა, იმიტომ, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენ არ გვქონია. ამ 14-წლიანმა მშვიდობამ ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა მოგვიტანა, რაც უპირობოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
რაკი ვერაფერი მოგვიხერხეს და ვერსაიდან შემოგვიარეს, ახლა „პოსტივისა“ და „იმედის“ დასანქცირებაზე გადავიდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ერთ დროს დემოკრატიის აკვანს ვუწოდებდით. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ვერაფერი მოუხერხეს იმ მართალ სიტყვას, რომელიც ამ ტელევიზიებიდან ისმის.
უზარმაზარი წვლილი მიუძღვის „პოსტივის“, მასმედიას და პლურალიზმს იმაში, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა. ეს ტელევიზიები რომ არ ყოფილიყო, პროცესები ასე რომ არ გაშუქებულიყო და საზოგადოებაში ასეთი მრავალხმიანობა არ ყოფილიყო, ჩვენ ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა.
ქართველი კაცი ჩამოყალიბდა, გაიაზრა და გააცნობიერა, რომ ეს არის დამღუპველი ძალა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში უამრავი უბედურება მოუტანა ქვეყანას და კიდევ მოწადინებულია, როგორმე საქართველოც ჩააბას იმ სისხლისმღვრელ ომში, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ უთხრა ქართველმა ხალხმა ამ რადიკალურ ძალებს, ფაქტობრივად უკვე მეათე არჩევნებია, მტკიცე უარი“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


