„პროცესი გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის, არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ელენე ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სპეკულაციების შესახებ.
„რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, თუკი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმის მონაცემებს მიჰყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი ყველა პატიმრისთვის უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებასა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


