“პრობლემა ის არის, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, რასაც ეს ორგანიზაციები არ აკეთებენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არც სტრასბურგს არ შეუჩერებია. არც სტრასბურგმა, არც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება განხილვის პროცესში არ შეაჩერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც კანონმორჩილებაში იგულისხმება.
ამიტომ მთავარი დასკვნა ეს უნდა გამოვიტანოთ: საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან ამ კანონდარღვევაში წახალისებულები.
ვიცით, რომ ისინი არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში და მათი დამფინანსებლები დაფინანსებას კი არ უჩერებენ, ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონდარღვევას. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა 5 ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე.


