“ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც იგივე რეგიონში არიან, იგივე ზომის, იგივე გეგმების თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნები არიან, რაიმე პრეტენზია არ გვესმის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის სრული ფარსი, რაც გვესმის ხოლმე ჯო უილსონის მსგავსი პოლიტიკოსებისგან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას.
„ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო.
საქართველო ნამდვილად არავის არ შეეკითხება, საკუთარ საგარეო ურთიერთობებში ეროვნული ინტერესები როგორ უნდა წამოსწიოს. რა თქმა უნდა, არ ეკითხება არც ჯო უილსონს და არც რომელიმე უცხოელს, საგარეო ურთიერთობაში საქართველოს თავისი რეგიონის ქვეყნებთან როგორი ურთიერთობები ექნება.
ჩვენ ვნახეთ, ვინც ამ მხრივ წინდაუხედავად იქცევა, სადამდე მიჰყავთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონი და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს რეგიონში, როგორც მშვიდობის ერთ-ერთ მთავარ კერას და გამორჩეულ ქვეყანას სტაბილურობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს მეზობელთან გვქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


