„შეიძლება მადიარს სულაც არ მოსწონს ეს და მისთვის არაპოპულარული ნაბიჯი იყო, მაგრამ ძალუნებურად მოუწია დათმობაზე წასვლა და, თუნდაც, პრაიდის ჩატარებაზე ნებართვის დართვა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ ბუდაპეშტში ჩატარებულ გეი პრაიდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ამ თემაზე საუბარი იმ კონტექსტით უნდა დავიწყოთ, რომ უნგრეთში კონსერვატიულ ღირებულებებს და მათ დაცვას მხოლოდ ვიქტორ ორბანისა და სახელისუფლებო შტოს ძალისხმევა განაპირობებდა. უფრო სწორად, მათ დააკანონეს ბავშვთა დაცვის აქტი და ეს მცდელობა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა. თხუთმეტი წელი, სადამდეც ორბანის ხელისუფლებამ გაძლო, სწორედ ამ ღირებულებების დაცვამაც გაძლო. თუმცა, როგორც კი ორბანს ფეხი გადაუბრუნდა, ჩვენ კარდინალურად შეცვლილი სიტუაცია ვნახეთ. ასეა, რას ვიზამთ — როდესაც ბრიუსელი ღიად, პირდაპირ თუ ირიბად ერევა ამა თუ იმ ქვეყნის არჩევნებში, შესაბამისად, ის საკუთარ წილს ითხოვს. ეს წილი კი, ზუსტად მადიარის მხრიდან აღმოჩნდა ნებადართული. შეიძლება მადიარს სულაც არ მოსწონს ეს და მისთვის არაპოპულარული ნაბიჯი იყო, მაგრამ ძალუნებურად მოუწია დათმობაზე წასვლა და, თუნდაც, პრაიდის ჩატარებაზე ნებართვის დართვა.
რატომ გავუსვი ხაზი ორბანის თემას? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ასეთ განსაკუთრებულ ქრისტიანულ მორალსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, აქ ერთმანეთთან თანხვედრაში ორი ინსტიტუტი უნდა მოდიოდეს — რელიგიური და სახელისუფლებო. თუ ორივე მყარად იცავს ამ პოზიციას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს საშუალება, ფონს გავიდეს. უნგრეთის შემთხვევაში კი ჩვენ ვხედავდით, რომ ამ თემაზე გაცილებით მძლავრად სახელისუფლებო მანქანა მუშაობდა და არა რელიგიური კონფესიები.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: პოლიტიკასა და საზოგადოებაში ხელისუფლებამ, ერთი თვალსაზრისით, ერთგვარი მენეჯერის როლიც უნდა შეასრულოს. რას ვგულისხმობ ამაში — როდესაც ვამბობთ, რომ უნგრული საზოგადოება კონსერვატიულია, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქრისტიანულ ღირებულებებსა და იმ ფასეულობებს, რაზეც ზოგადად კონსერვატიზმის იდეა დგას. აი, ეს კაპიტალი რომ არ გაგეფანტოს და ქვეყანამ არ დაკარგოს, ზუსტად ამას ვგულისხმობ მენეჯმენტში. მენეჯმენტის პროცესი ზუსტად ასე უნდა წარიმართოს და ამისთვის ორივე შტომ — რელიგიურმა კონფესიამ და ხელისუფლებამ — თანაბრად უნდა იმუშაოს. შესაბამისად, იმ კონსერვატიული საზოგადოების ნება ერთიანდება და, საბოლოო ჯამში, სწორ არჩევანში ითარგმნება, რაც ხოლმე არჩევნების დროს ვლინდება.
აქედან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე: მხოლოდ ის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატორია, ავტომატურად საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში ლიბერალი ან გაუკუღმართებული იდეოლოგიის ძალა ვერ მოვა. მაგალითად მარტივად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, როდესაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით აბსოლუტურად გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ პარტიას დაუჭირა მხარი იმ ქართველმა მოსახლეობამ, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულია საკუთარი ქრისტიანული ღირებულებებისა და ეკლესიის დაცვით. მაგრამ ეს მაინც მოხდა. აი, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ახლა უნგრეთშიც, ამიტომ ვავლებ ამ პარალელს.
სწორედ ამიტომ, როდესაც ჯანსაღ პოლიტიკურ კლასზე ვსაუბრობთ, ის აუცილებლად უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაზე, არამედ იმაზეც, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს მენეჯერული უნარები, რათა არ გაიფანტოს საზოგადოების ის დიდი ნაწილი და ის ფუნდამენტი, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


