„ბრიუსელის ბიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ნამდვილ ევროპას, ამიტომ სწორი დეფინიცია უნდა მოვახდინოთ: ერთია ნამდვილი ევროპა, თავისი ტრადიციული ღირებულებებით, და მეორეა იდეოლოგიურად მოშლილი ბრიუსელის ბიუროკრატია, რომლის გზაც ლგბტ პროპაგანდაზე გადის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ბრიუსელი და ბრიუსელის ბიუროკრატია უკვე ღია, დაუფარავი ნარატივების გავრცელებაზე გადავიდა. თუნდაც საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ და ღიად გვესაუბრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იდეაში არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ვიზალიბერალიზაციას პრობლემა უნდა შეექმნას, აქ მაინც კონკრეტული მოთხოვნაა — ეს არის კანონების გაწვევა. ამ შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქრება, სხვა შემთხვევაში კი — დაემუქრება.
ფონ დერ ლაიენის ბიუროკრატია და ზოგადად, ბრიუსელის ბიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ნამდვილ ევროპას, ამიტომაც სწორი დეფინიცია უნდა მოვახდინოთ: ევროპა აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა, ხოლო ბრიუსელი და ევროკავშირის ე.წ. არსაიდან მოსული პარლამენტარები — სრულიად სხვა.
ერთია ნამდვილი ევროპა, რომელიც ზუსტად იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული და იმ იდეით შეიქმნა, რა იდეითაც ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა ევროპულ სივრცეში ყოფნა, სადაც საქართველო თავისი ისტორიული ფუნქციიდან, მიზნიდან და გენეტიკური კოდიდან გამომდინარე, უფრო მეტად ევროპულიც იყო, ვიდრე, პირობითად, რომელიმე დღევანდელი ევროპული ქვეყანა, და ჩვენ ვხედავთ მეორეს — ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც იდეოლოგიურად აბსოლუტურად მოშლილია და მისი მთავარი მამოძრავებელი მიზანი, საშუალება და გზა ე.წ. „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზეა გადასული“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


