„დარწმუნებული ვარ, ეს უწყება ეფექტურად იმუშავებს და დროთა განმავლობაში სიძულვილის ენისგან თავშეკავება საზოგადოებრივ ნორმად იქცევა. სწორედ ეს არის ამ უწყების შექმნის მთავარი მიზანი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.
„ხალხის ძალა“ ძალიან დიდი ხანია ვამბობდით და ვითხოვდით, რომ სიძულვილის ენა, რომელიც, სამწუხაროდ, წესად აქციეს საქართველოში, არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე. ეს ტენდენცია პიკს აღწევდა ძალადობრივი აქციების დროს და ვლინდებოდა არა მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არამედ სოციალურ ქსელებსა თუ სხვა პლატფორმებზე. დღემდე რატომღაც ბევრს ჰგონია: „მერე რა, თუ შეგაგინე, რატომ უნდა დავჯარიმდე ან პასუხი ვაგოო“. აი, ეს არის სწორედ იმ ნარატივის შედეგი, რასაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ევრობიუროკრატიიდან თესავდნენ: თურმე, ვისაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, იმას შეუძლია შეაგინოს და აბულინგოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, და ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა, ხოლო თუ შენ გამოთქვი განსხვავებული აზრი და კრიტიკა, ეს თურმე ანტიდემოკრატიული პროცესია. სწორედ ეს ორმაგი სტანდარტი დაამკვიდრეს, ამის წესად ქცევა უნდოდათ და გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც.
საბედნიეროდ, იმ ანტიდეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ, სიმართლის თქმამ და ხელისუფლების მორალური უპირატესობის წინა ხაზზე წამოწევამ შედეგი გამოიღო. ამ ყველაფერმა იმუშავა და დღეს უკვე საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა შესაბამისი უწყება, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია და გაცილებით ადრეც იყო გასაკეთებელი.
ნებისმიერ ქვეყანაში მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ კანონმდებლობას ემორჩილება, შემდეგ კი ეს მორჩილება ყოველდღიურ ქცევაში გადადის და ჩვეულებრივ წესად მკვიდრდება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ: თავის დროზე გვეწინააღმდეგებოდნენ და გვეუბნებოდნენ, დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა არ გაამართლებსო. თუმცა ამ კანონმა გაამართლა და დღეს ადამიანები არა მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ საკუთარ სახლებშიც კი აღარ ეწევიან, რადგან ეს ქცევა უკვე წესად იქცა — კანონთან ერთად შემოვიდა მორალიც.
დარწმუნებული ვარ, ეს უწყება ეფექტურად იმუშავებს და დროთა განმავლობაში სიძულვილის ენისგან თავშეკავება საზოგადოებრივ ნორმად იქცევა. როდესაც ადამიანს ერთხელ ან ორჯერ შეაკავებინებ თავს შეურაცხყოფისგან, მას მერე, გინდა თუ არ გინდა, ეს ქცევა ჩვევაში გადასდის. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ამ შემთხვევაშიც იქნება, მაგრამ ეს აღარ იქნება მასობრივი ხასიათის. სწორედ ეს არის ამ უწყების შექმნის მთავარი მიზანი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


