შალვა პაპუაშვილი: “ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა – დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია”

20

“ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა – დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ვნახეთ, რომ ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ – რომ აქვს სრული უპატივცემულობა.

რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გამოსწორების დასაწყისის საფუძველი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა მადლიერება არის ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს.

ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძისა და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობითვის: გერმანიის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.