„ეს შემთხვევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა: ორბანს ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი, თუმცა მოსახლეობის არააქტიურობამ და ევრობიუროკრატების ჩართულობამ განაპირობა ის შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ უნგრეთში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ზაქარია წიკლაურმა ბუდაპეშტის პრაიდთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ყველაზე მძიმე ასატანი უნგრელი ხალხისთვის იქნება. მათ წლების განმავლობაში მოახერხეს ევრობიუროკრატების მიერ თავს მოხვეული, ლგბტ თემატიკაზე დაფუძნებული ლიბერალური პოლიტიკის შეჩერება და სიტუაციის მეტ-ნაკლებად დასტაბილურება. ვიქტორ ორბანის დამსახურებით, ქვეყანაში წლების განმავლობაში არც „პრაიდი“ ჩატარებულა და არც მსგავსი ღონისძიებები.
სწორედ ეს შემთხვევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის არჩევნებზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ორბანს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ამომრჩევლის პასიურობამ და მადიარის მხარდამჭერი ევრობიუროკრატების აქტიურმა ჩარევამ ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რასაც დღეს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატორია, დღეს მიიღეს ის შედეგი, რასაც ვხედავთ.
ამ ფონზე ვიხილეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ვერდამალული სიხარული ბუდაპეშტში გამართული გეი-პრაიდის გამო. ამ ქალბატონის დაუღალავ მცდელობებს წლებია ვუყურებთ და აშკარაა, რომ მისი ერთადერთი მიზანი სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. იგივეს ითხოვენ ჩვენგანაც – იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც იცავს ადამიანის, მათ შორის, არასრულწლოვნების უფლებებს, რათა ნორმად ვაქციოთ ის, რაც ახლა ბუდაპეშტში ხდება“, – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.


