„მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა, გარე დარტყმებისა და მუდმივი რეზოლუციებისა, ჩვენი გუნდი, თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობით, აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებს და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება“ – ზაქარია წიკლაური

20

„მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა, გარე დარტყმებისა და მუდმივი რეზოლუციებისა, ჩვენი გუნდი, თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობით, აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებს და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ზაქარია წიკლაურმა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა. ამ ისტორიული პროექტისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერი და დედაქალაქის მთავარი გამზირის სრულ განახლებას შევუდგებით.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, მინდა მათ შევახსენო: თუ ასე ძალიან შესტკიოდათ გული ქალაქზე, თავადვე განეხორციელებინათ ეს პროექტები. დღეს ჩვენ ისეთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ, სადაც საბჭოთა კავშირის შემდეგ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც კი არავის გამოუცვლია.

მადლობა ღმერთს, კახა კალაძის მერობის პირობებში დედაქალაქი რადიკალურად შეიცვალა და ამას ყველა ხედავს. ხორციელდება უამრავი მასშტაბური პროექტი. მათ შორის, დაწყებული გვაქვს ტრამვაის პროექტი დიდი დიღომი-დიდუბის მიმართულებით. ასევე, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდობზე, 700 ჰექტარზე მიმდინარეობს უნიკალური ჯიშის ნერგების გაშენება. იქ კეთდება სპეციალური საფეხმავლო ბილიკები, მალე დაემატება ლოკაციური რუკაც და ეს სივრცე იქცევა უნიკალურ ადგილად როგორც ადგილობრივებისთვის, ისე თბილისის სტუმრებისთვის.

ასე რომ, პოლიტიკურ მტრობას, მუდმივ კინკლაობასა და უსაფუძვლო პრეტენზიებს აჯობებს, დაინახონ და აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმე კეთდება საკუთარ ქვეყანაში და ქვეყნის დედაქალაქში“, – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.