„ბოლო წლებში ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ აქტივისტად ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ — ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შეერყია, გარედან დასახული რადიკალური მიზნები სრულად შეესრულებინა და საქართველოში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაეღრმავებინა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ზაქარია წიკლაურმა გერმანიის ყოფილ ელჩზე, პეტერ ფიშერზე შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გერმანიის ახალი ელჩის მიმართ ნამდვილად მაქვს მოლოდინი და სურვილი, რომ ის კონსტრუქციული იქნება. თუმცა, რეალურად, ეს ელჩები მხოლოდ საკუთარი ქვეყნებისა თუ ევრობიუროკრატებისგან მიღებული დავალებების გამხმოვანებლები არიან. უბრალოდ, ყველაფერს გააჩნია ფორმა და ზოგს შეუძლია, ეს დავალებები უფრო დახვეწილი, დიპლომატიური გზით შეასრულოს.
რაც შეეხება გერმანიის ყოფილ ელჩს, ის ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არღვევდა იმ წესებსა და ჩარჩოებს, რომლებიც მას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით ჰქონდა განსაზღვრული. საგულისხმოა, რომ მის ამ ქმედებებზე რეაგირება არცერთ ევროპარლამენტარსა თუ მის კოლეგას არ ჰქონია. გარკვეული პერიოდი ბატონი ფიშერი პროცესებს კულისებიდან მართავდა — ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. თუმცა, როდესაც ამ გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო და რადიკალურმა ფრთამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, მას თავად მოუწია ფარდის უკნიდან გამოსვლა.
ბოლო წლებში ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ აქტივისტად, რომელიც ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შეერყია, გარედან დასახული რადიკალური მიზნები სრულად შეესრულებინა და საქართველოში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაეღრმავებინა“, – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.


