„ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება — რომ მკურნალი ექიმის კონსულტაციის საფუძველზე ხოშტარია ტოვებს საპატიმროს და სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ გადადის — კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა უპირატესი ღირებულებაა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ზაქარია წიკლაურმა განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ელენე ხოშტარიას. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ მისი გამოჯანმრთელებისთვის. ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება — რომ მკურნალი ექიმის კონსულტაციის საფუძველზე ხოშტარია ტოვებს საპატიმროს და სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ გადადის — კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა უპირატესი ღირებულებაა და ეს საკითხი ყველას ინტერესში შედის.
თუმცა, როდესაც შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: ევროკავშირის ელჩს თითქოს არ ესმის და ვერ ხედავს ელენე ხოშტარიას ოჯახის დაფინანსებას რუსეთიდან. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველამ კარგად იცის, რომ საუბარია კოლოსალურ თანხებზე. ევროკავშირის ელჩი, ალბათ, თვლის, რომ ხოშტარიას რუბლებს სუნი არ აქვს და ამჯობინებს, ეს ფაქტი არ შეიმჩნიოს. თუმცა რეალობა უცვლელია — ეს ადამიანები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და ამის ფონზე, დღეს სხვებს უწოდებენ „რუსეთუმეებს“.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის სისტემური წამებები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ქართულ ციხეებში არსებობდა. პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არაერთი ასეთი მძიმე ფაქტი გაჟღერდა. პატიმრები ყვებოდნენ, რომ მათ არათუ სამედიცინო კონსულტაციის, არამედ ფიზიკური გადარჩენის ელემენტარული შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ამ ფონზე, იქნება ეს ელენე ხოშტარიას თუ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევა, ხაზგასმით უნდა ითქვას: დღეს თითოეული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრი კონტროლის ქვეშაა. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და მიჰყვნენ მკურნალობის იმ გეგმას, რასაც ექიმი განუსაზღვრავს“, – განაცხადა ზაქრია წიკლაურმა.


