„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანასთან ჩამოვაყალიბოთ ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ფუნქციასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.
„შუა დერეფნის“ როლი სულ უფრო იზრდება. ყაზახეთი ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მათთან გვქონდეს ისეთივე მჭიდრო ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობა, რისი გაფორმებაც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ამ „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანასთან ჩამოვაყალიბოთ ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნეს-ურთიერთობები. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ფუნქციასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
მივესალმები ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას — ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება პორტებთან დაკავშირებითაც. ტვირთბრუნვის გაზრდა და ყაზახური მხარის აქტიური მონაწილეობა კიდევ უფრო განგვიმტკიცებს იმ როლს, რომლისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ. მთავარი კი ის არის, რომ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, რადგან სტაბილურ ტვირთბრუნვასა პირდაპირი კავშირი აქვს მშვიდობასთან.
ბოლო წლების უწყვეტმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა სწორედ ის შედეგი, რასაც ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელმოწერა ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა სანდო პარტნიორი გახდა ისეთი მდიდარი სახელმწიფოსთვის, როგორიც ყაზახეთია. რა თქმა უნდა, ამ პროცესის კრიტიკა ახალი არ არის – ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი თუ სტრატეგიული შეთანხმება ხშირად ხდება დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანი.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა გავატაროთ და ყოველი ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგათ. ბუნებრივია, ზოგიერთი ამის წინააღმდეგი იქნება, ზოგი კი მხარს დაგვიჭერს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ მდიდარი ქვეყნის ტვირთბრუნვა, რომლებსაც პროდუქცია ევროპაში გადააქვთ, სწორედ ჩვენს დერეფანზე იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


