„პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხაზი გადაესვა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ურთიერთობებისთვის — არ დარჩენილა აქტივობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს დასაკნინებლად არ გამოეყენებინა“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„პეტერ ფიშერი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა და ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. მას შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხაზი გადაესვა გერმანიასთან მანამდე არსებული მრავალწლიანი პარტნიორული, ისტორიული თუ კულტურული ურთიერთობებისთვის. მგონი, არ დარჩენილა აქტივობა, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დასაკნინებლად არ გამოიყენა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ იგი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩარეულიყო — იქნება ეს არჩევნები, ხელშეკრულებების გაფორმება, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების შეფასება თუ სხვა. უამრავი ფაქტი და მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რამდენი რამ დააზიანა ამ ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და ალბათ, ჭკუის სასწავლიცაა. მის საქციელთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა როგორც მთავრობამ, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ. გარკვეული პერიოდით იგი გერმანიაშიც კი გაიწვიეს და ჩვენ იმედით ვუყურებდით, რომ დაბრუნების შემდეგ საკუთარ ქმედებებს გადააფასებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ის კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა მოღვაწეობა, რომელიც ასე აზიანებდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და, პირველ რიგში, მეგობრულ ურთიერთობებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ელჩი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას ატარებს და მის ინტერესებს იცავს. თუმცა, ჩვენ გვინახავს ელჩები, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ — მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საერთოდ არ იცნობდნენ ქართველ ხალხს — ჩვენი კულტურიდან, სტუმართმასპინძლობიდან და მეგობრული ბუნებიდან გამომდინარე, თბილი, ადამიანური ურთიერთობები შეუნარჩუნებიათ. შესაძლოა, მათ ქვეყნებიდან რადიკალური დავალებებიც კი მოსდიოდათ, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებიათ. ფიშერმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი კარიერის ეს ფურცელი სწორედ ასეთი ყოფილიყო.
როგორც ვიცი, ეს მისი ბოლო თანამდებობა იყო, იგი პენსიაზე გავიდა და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ქართველ ხალხს თავი სწორედ ამგვარი ქმედებებით დაამახსოვროს. ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დაველოდოთ ახალ ელჩს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ყოველთვის პრინციპულად უნდა დავიცვათ, კარგად შევისწავლოთ ის ადამიანები, ვისაც ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნიან და ეს შემთხვევა სხვა ელჩებისთვისაც მაგალითად ვაქციოთ“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


