„ერთმანეთის პატივისცემა და ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა სწორედ ამ კანონმდებლობისა და უწყების მუშაობის ლოგიკური შედეგი იქნება და ყველა მალე მიხვდება, თუ რამდენად საჭირო და დროული იყო ამ საკითხის მიმართ მსგავსი მიდგომა“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთობის კულტურის ჩამოსაყალიბებლად. ქართული ენა უმდიდრესია — საუკუნეების განმავლობაში ამ ენაზე საუბრობდნენ, ქმნიდნენ ლექსებს და გამოხატავდნენ ემოციებს, თუმცა არსებობს ე.წ. წითელი ხაზები და ზღვარი, რომლის მიღმაც უზრდელობა და შეურაცხყოფა იწყება.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში ისეთი ლექსიკითა და აგრესიით წერს, ხშირად ვფიქრობ: ამ ხალხს ოჯახი ან შვილები არ ჰყავთ? როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობელი სხვას ასეთი სიტყვებით მიმართავს, ეს მისთვის რა მაგალითია? ქართულ ენაში სიტყვების უამრავი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი კრიტიკული პოზიცია სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გარეშე დააფიქსირო.
ზუსტად ამავე პრობლემას ებრძვიან ევროპაშიც, სადაც მკაცრი კანონებითა და ჯარიმებით რეგულირდება მსგავსი დამოკიდებულება, იქნება ეს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა თუ სხვა პლატფორმებზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აყენებ შეურაცხყოფას — ეს ზუსტად ის ნაბიჯებია, რომლებსაც ევროპა საკუთარ სახლში დგამს. ეს გამოწვევა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას აქვს, შესაძლოა, სადმე ჩვენზე უარესი მდგომარეობაც იყოს, თუმცა ჩვენს რადიკალებზე ვულგარული მე არაფერი მინახავს და მომისმენია.
ამ დეპარტამენტის არსებობა და მუშაობა უმნიშვნელოვანესია და ამის შედეგს ქართული საზოგადოება მალე იგრძნობს. ერთმანეთის პატივისცემა და ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა სწორედ ამ კანონმდებლობისა და უწყების მუშაობის ლოგიკური შედეგი იქნება. ალბათ, ყველა მალე მიხვდება, თუ რამდენად საჭირო და დროული იყო ამ საკითხის მიმართ მსგავსი მიდგომა“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


