“უწყვეტი საპროტესტო აქციების 580-ე დღე ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის უკვე აღარ არის პოლიტიკური კამპანია – ეს უნიკალური სოციალური ექსპერიმენტია: წელიწად-ნახევრის განმავლობაში საზოგადოებას ჰპირდებოდნენ ხელისუფლების გარდაუვალ დაცემას, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, ჩინოვნიკების მასობრივ გადასვლას პროტესტის მხარეს, ეკონომიკურ კოლაფსსა და თითქმის ყოველდღიურ „გადამწყვეტ მომენტს“, – წერს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
“თუმცა 580-ე დღისთვის მთავარი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ქართული რადიკალიზმი საბოლოოდ საკუთარ სტრატეგიებში აიბნა: ერთნი არჩევნებში მონაწილეობას მოითხოვენ, სხვები ამას ღალატად აცხადებენ; ერთნი ბოიკოტს უჭერენ მხარს, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ბოიკოტი ხელისუფლებისთვის საჩუქარია; ერთნი უწყვეტ საპროტესტო აქციებს ითხოვენ, სხვები უკვე ღიად აღიარებენ, რომ ეს ტაქტიკა ჩიხში შევიდა.
შედეგად, ხელისუფლებისთვის ბრძოლას კი არ ვხედავთ, არამედ დაუსრულებელ ჩემპიონატს “პლეი-ოფის” გატეშე იმის გასარკვევად, თუ ვინ არის „უფრო ნამდვილი ოპოზიციონერი“. ამ ფონზე, ევრობიუროკრატია თითქმის გულისამაჩუყებელ თავდადებას ავლენს, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბრიუსელში დიდი ხანია შექმნილია სპეციალური რეანიმაციული ჯგუფი, რომლის ერთადერთი ამოცანაა ქართული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება.
საქმეში ჩართულია სულ უფრო ეგზოტიკური ინსტრუმენტები: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელთა მრავალი დებულება გაოცებას იწვევს მათშიც კი, ვინც საქართველოს პოლიტიკას შორიდან აკვირდება; დაუსრულებელი განცხადებები „დემოკრატიის კატასტროფაზე“; სანქციების ინიციატივები; დიპლომატიური დემარშები; რეგიონში მაღალი რანგის სტუმრების დემონსტრაციული ვიზიტები მარშრუტით — „ბაქო, ერევანი, ნებისმიერი ადგილი, ოღონდ არა თბილისი“.
ზოგჯერ იქმნება განცდა, რომ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი მზად არის მსოფლიო რუკაზე ნებისმიერი გეოპოლიტიკური ერთეულის არსებობა აღიაროს, ოღონდ არ შეამჩნიოს ის საქართველო, რომელიც მათ პოლიტიკურ მოლოდინებში აღარ ჯდება.
თუმცა მთელი ეს საერთაშორისო მხარდაჭერა შიდა დაპირისპირების მკაცრ რეალობას ეჯახება. სანამ რადიკალების ერთი ნაწილი მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლასა და სანქციებზე აკეთებს აქცენტს, მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ გამოსავალი მხოლოდ შიდა მობილიზაციაშია.
სანამ რადიკალები ზომიერ პოლიტიკოსებს კაპიტულაციასა და სიმხდალეში ადანაშაულებენ, ზომიერები მათ პოლიტიკურ ავანტიურიზმსა და არაადეკვატურობაში სდებენ ბრალს. სანამ ერთნი ყოველდღიური აქციების გაგრძელებას მოითხოვენ, სხვები უკვე საჯაროდ აღიარებენ შედეგების არარსებობას. სანამ ერთიანობისკენ მოწოდებები ისმის, სხვადასხვა პარტიისა და მოძრაობის ლიდერები ერთმანეთის მიმართ რეგულარულად ისვრიან ბრალდებებს ღალატში, არაკომპეტენტურობაში, ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და რეალისტური გეგმის არქონაში.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა დიდი ხანია აღარ არის მთავარი პრიორიტეტი – მეტისმეტად ბევრი დრო იხარჯება ერთმანეთთან ბრძოლაში. ამიტომ 580-ე დღის მთავარი სიმბოლო ხელისუფლებასა და რადიკალებს შორის დაპირისპირება კი არა, თავად მათ შიგნით არსებული დაპირისპირებაა.
ევრობიუროკრატია განაგრძობს ახალი პოლიტიკური „მედიკამენტების“ მიწოდებას, ზრდის რეზოლუციების, განცხადებებისა და დიპლომატიური ზეწოლის დოზას, მაგრამ „პაციენტი“ გამოჯანმრთელებაზე კი არა, პალატის მეზობლებთან ურთიერთობის გარკვევაზეა გადართული.
და რაც უფრო ხმამაღალი ხდება საერთაშორისო განცხადებები, მით უფრო თვალსაჩინო ხდება მთავარი პარადოქსი: გარე მოკავშირეები ცდილობენ დაარწმუნონ ქართული საზოგადოება მხარი დაუჭიროს ძალებს, რომლებმაც 580 დღის განმავლობაში ვერ შეძლეს შეთანხმება ვერც არჩევნებზე, ვერც პროტესტის ფორმებზე, ვერც სტრატეგიაზე და ვერც იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ ბრძოლას.
შედეგად, დაპირებული „ერთიანი დემოკრატიული ფრონტის“ ნაცვლად საზოგადოება უყურებს უსასრულო სერიალს, სადაც ყოველი ახალი სერია მორიგ შიდა კონფლიქტს ეძღვნება, ხოლო ფინალი, როგორც ჩანს, კიდევ მინიმუმ მომდევნო 580 დღით გადაიდება. თუმცა, წინ გვაქვს ორი ღირშესანიშნავი თარიღი – 20 ივლისი (აქციების მე-600 დღე) და 24 სექტემბერი (დღე 666-ე). რადიკალების გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ადგილას – განსაკუთრებით ამ მეორე თარიღს, რამე პომპეზური თავშეყრით ჩავატარებდი: კონცერტით, ჭიაკოკონობით და ფეიერვერკებით”, – წერს დავით ქართველიშვილი.


