„გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ემანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია – საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
„პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ხდება. საქართევლოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია? – არ არის ლამაზი. მისაღებია? – არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს, იქ ხდება.
ვინმემ თუ აქ გამოძიება დაიწყო, არ მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფა და მერე როგორ და რანაირად გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს, თან როდის? – როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ზღვარს გადავიდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა, რაც, ბუნებრივია, არ იყო ლამაზი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


