მამუკა მდინარაძე: „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად; ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა“

23

„ახლად შექმნილი სამმართველოს მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ – აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

ჩვენთვის ეს არ არის სიახლე – საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ, ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.