“დღევანდელ ბრიფინგზე ასევე მინდა შევეხო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თვისებრივ გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
„პირველ რიგში, ანტიკორუფციული ღონისძიებები: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არა მხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. მაგალითად: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა.
2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


