„დარწმუნებული ვარ, 2028 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კიდევ არაერთხელ შეიცვლება და საზოგადოებას სრულიად სხვა ადამიანებს წარუდგენენ — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტია საერთოდ იარსებებს პოლიტიკურ ველზე, რადგან დღეს თავად მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ასე შეაფასას პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები.
გვახსოვს, 2012 წლის 1 ოქტომბრის დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა დაშლილიყო და გაშლილიყო — ვგულისხმობ იმას, რომ დაიშალნენ ხელოვნურად, რათა მოეტყუებინათ საზოგადოება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, პარტია დაიშალა, არიან ახალი სახეები და ლიდერები და ასე შემდეგ. მეორე მხრივ კი — გაიშალნენ მედიაში, სამოქალაქო სექტორსა და სხვა სფეროებში. ამ მცდელობამ, რა თქმა უნდა, არ გაამართლა და ვერც გაამართლებდა იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რამხელა უბედურება მოუტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. ამიტომ, არასოდეს აპატიებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ დანაშაულს, რაც მათ ჩაიდინეს.
თუმცა, ამას გარდა, არსებობს კიდევ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც ცდილობს, თან დარჩეს ლიდერად და თან დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, ისე შემოიპარა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მას სამართლებრივად არ აქვს უფლება, აწარმოოს საარჩევნო კამპანია ან იყოს თანამდებობის პირი, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე ის ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარეებს. ეს მათი მხრიდან არაფორმალური მმართველობის ნათელი და კლასიკური მაგალითია. თან ეს ყველაფერი ხდება ერთი პოსტის გამოქვეყნებით — გამოაქვეყნებს ერთ რომელიმე მის რჩეულ, ახალ კანდიდატურაზე მითითებას, რომ ის უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი, და იმ წუთში მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ დალაგდება და იწყებს მოქმედი თავმჯდომარის ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩანაცვლებას. ასე მოხდა არაერთი ლიდერის შემთხვევაში და ახლა, როგორც ჩანს, ნანუკა ჟორჟოლიანის ჯერია. რა სიკეთეს მოუტანს მისი თავმჯდომარეობა პარტიას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს პარტია გადაიქცა — და ყოველთვის იყო კიდეც — მიხეილ სააკაშვილის ჯიბის პარტიად, და ასე ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. თუმცა, ლიდერების ცვლა არაფრის მომტანი არ იქნება არც ამ შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში ვერაფერს გეტყვით ნანუკა ჟორჟოლიანის განათლებაზე, ვერც მის ინგლისურის ცოდნას შევაფასებ და არც ის ვიცი, ექნება თუ არა კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან. ერთი კი ვიცი, რომ მისი მარკეტინგული გამოცდილების შედეგი უკვე სახეზეა — ვიცით, რომ დაანონსდა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობასთან ერთად პარტიაში საწევროების გადახდა. როგორც ჩანს, ფულის შეგროვების ნიჭი მას ნამდვილად აქვს.
დარწმუნებული ვარ, 2028 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კიდევ არაერთხელ შეიცვლება და საზოგადოებას სრულიად სხვა ადამიანებს წარუდგენენ — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტია საერთოდ იარსებებს პოლიტიკურ ველზე, რადგან დღეს თავად მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


