„ამ რეზოლუციებს პოლიტიკურად იმაზე ნაკლები ფასი აქვს, რაც ის ქაღალდი ჯდება, რაზეც არის დაბეჭდილი“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია იყო ყოველთვის დაინტერესებული იმით, რომ დასჯილიყო საქართველოს ხელისუფლება და მერე დასჯილიყო უკვე ხალხი. ჯერ იყო მცდელობები, რომ არ მოეცათ უვიზო რეჟიმი, რადგან ამით საზოგადოების ნდობა გაიზრდება „ქართული ოცნების“ მიმართ და ამიტომ გაგვიჭირდება არჩევნების მოგებაო, თუმცა მაინც მივიღეთ უვიზო მიმოსვლა. მაშინ უკვე დაიწყეს საუბარი მის შეჩერებაზე და, ფაქტობრივად, დასაჯეს საქართველოს ხელისუფლება.
ჩვენ თუ გავიხსენებთ ისტორიას, 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ყველა თანამდებობის პირი დაასაჩუქრა ევროკავშირმა იმით, რომ უვიზო მიმოსვლა მისცეს მათ და არა ქართველ ხალხს. მხოლოდ 7 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი 5-წლიანი, 24-საათიანი შრომის შედეგად მივიღეთ უვიზო მიმოსვლა და ყოველწლიურად ვაბარებთ ანგარიშს ევროპელ პარტნიორებს, თუ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ვალდებულებები შევასრულოთ და გაგრძელდეს ეს უვიზო მიმოსვლა.
ახლა უკვე ვხედავთ, რომ საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ ასე ვთქვათ, დაისაჯოს ხელისუფლება — რადგან ამით შანტაჟმა შედეგი არ მოიტანა არც ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში — ახლა გადავიდნენ ახალ ეტაპზე, როცა ქართველი ხალხი უნდათ რომ დასაჯონ იმ არჩევანის გამო, რა არჩევანიც მათ გააკეთეს.
ჩემი აზრით, ეს პროცესი მაინც გაიწელება 2028 წლამდე, რადგან გვახსოვს ჩვენ, ადრეც იყო მსგავსი მუქარები, მაგალითად, 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ ისევ ამ ხელისუფლებას დატოვებდით, მაშინ დაგვაზიანებდნენ — ეს პროცესები ახლაც იქნება, სამწუხაროდ.
რაც შეეხება თავად ევროკავშირისა და ევრობიუროკრატების მცდელობებს, რომლებიც იცით, რომ სრულიად უსამართლო დამოკიდებულებას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით: სხვა რამე წერია ევროკომისიის დასკვნებში, სხვა რამე — საერთაშორისო რეიტინგებში და სრულიად სხვა რამეს ამბობს ევრობიუროკრატია. მათი ყველა განცხადება და ყველა რეზოლუცია, მათი ჭკუით, ერთადერთი შედეგის მომტანია მათთვის. თუმცა, ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი ამ რეზოლუციებს არ მოჰყოლია და პოლიტიკურად იმაზე ნაკლები ფასი აქვს, რაც ის ქაღალდი ჯდება, რაზეც არის დაბეჭდილი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


