„თითქმის ორი ათასი წელია უკვე ქართველი და ქრისტიანი ნიშნავს ერთსა და იმავეს. შესაბამისად, ვერანაირი გარედან ზეწოლა ვერ შეცვლის ვერც ქართველის ბუნებას, ვერც მის ქრისტიანულ ღირებულებებსა და ტრადიციას“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ლადო ბოჟაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ.
„ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“, ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებმა ძალიან კარგად იციან, რომ თითქმის ორი ათასი წელია უკვე ქართველი და ქრისტიანი ნიშნავს ერთსა და იმავეს. ამიტომ, ყველაზე მთავარი სამიზნე მათთვის, სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან ერთად, ქართული ეკლესიაა.
ასეულობით მილიონი დოლარი პირდაპირ უკავშირდებოდა ეკლესიასთან ბრძოლას, ამ ბრძოლაში სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ჩართვას. გახსოვთ თქვენ პრაიდთან დაკავშირებული ხელმოწერები და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების გამოსვლები, რომლებიც აფრიალებდნენ ამ ლგბტ დროშას და ამბობდნენ, რომ ეს არის ღირებულება და თურმე მისაღები უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ სქემამაც არ იმუშავა და არ გაამართლა. ჩვენ დავინახეთ, რა მოხდა საქართველოში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების პერიოდში. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მას პირადად დაემშვიდობა, თანაც ესენი არ იყვნენ მხოლოდ ქრისტიანები და მართლმადიდებლები, არამედ იყვნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის მოქალაქეები. ამ პროცესმა — ჩვენი ქვეყნის პატრიარქის გაცილებამ, ახალი პატრიარქის არჩევამ და იმ დღეებმა — კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასე მარტივად ქართველები არც რელიგიას შეიცვლიან და არც ღირებულებებს დათმობენ.
ასე რომ, ჩვენს ეკლესიას ჰყავს ახალი საჭეთმყრობელი, პატრიარქი შიო მესამე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო გაძლიერდეს. და რაც მთავარია: ვერანაირი გარედან ზეწოლა ვერ შეცვლის ვერც ქართველის ბუნებას, ვერც მის ქრისტიანულ ღირებულებებსა და ტრადიციას, რადგან 2000 წელია სწორედ ამის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით“, — განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


