ლადო ბოჟაძე: „ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის ლოდინს წამებას ეძახის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პატიმრებს წამებით კლავდა პენიტენციურ სისტემაში“

25

„ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის ლოდინს წამებას ეძახის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პატიმრებს წამებით კლავდა პენიტენციურ სისტემაში“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ფინანსდებოდეს რუსეთიდან, ასე ღიად, დაუფარავად, პირდაპირ საბანკო გადარიცხვებით, და რაც მთავარია, ფინანსდებოდეს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ დროს რუსეთი, რომელიც არაფრად დაგიდევს საერთაშორისო წესებს (განსაკუთრებით ამას ვხედავთ 2022 წლიდან, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს), თურმე პატიოსნად ასრულებს თავის ვალდებულებას და ხოშტარიების ოჯახს მილიონობით რუბლით მხოლოდ იმიტომ აფინანსებს, რომ მათ ეს საკუთარი წინაპრიდან გამომდინარე ეკუთვნით. ამაზე რეაქცია არის ნული. გახსოვთ თქვენ კითხვები ევროპარლამენტარების მისამართით ამ საკითხთან დაკავშირებით „პოსტივისა“ და „იმედის“ ჟურნალისტების მხრიდან, რაზეც ისინი პასუხად აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგიათ. თუმცა, ძალიან კარგად გაუგიათ ყველაფერი. ისინი ამაზე იმიტომ დუმან, რომ ძალიან კარგად იციან, რა როლი და ფუნქცია აქვს ელენე ხოშტარიას და მის პოლიტიკურ პარტიას საქართველოში მიმდინარე მოვლენებში — არეულობებში, რევოლუციური მცდელობების მოწყობასა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატომ ატყდა ამაზე ამხელა ამბავი? თუ მისი ჯანმრთელობა ითვალისწინებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას — გადაიყვანენ მას და გადაიყვანეს კიდეც. დაველოდოთ კვლევებს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სახელმწიფოს დამოკიდებულება ნებისმიერ პატიმართან მიმართებაში ასეთია და ასე იქნება ელენე ხოშტარიასთან მიმართებაშიც.

ოღონდ, ამ ფონზე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის ლოდინს წამებას ეძახის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 150 ათას პატიმარს წამებით კლავდა პენიტენციურ სისტემაში. აქ მკურნალობაზე, წამლის დაგვიანებასა თუ კლინიკაში გადაყვანაზე კი არ იყო საუბარი, არამედ პირდაპირ წამებით კლავდნენ ყოველ მეორე დღეს. სამწუხაროდ, მაშინაც დუმდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არავინ ახსენებდა „დემოკრატიის შუქურა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს იმ უბედურებას, რაც ხდებოდა იმ დროის ციხეებში, და რა კადრებმაც საბოლოოდ დაასრულა ის ხელისუფლება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.