გიორგი გაბუნია: „ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ცხოვრობს სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებები, უსაფრთხოება და პირადი ღირსება არის დაცული“

21

„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ცხოვრობს სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებები, უსაფრთხოება და პირადი ღირსება არის დაცული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში არაერთი ანგარიში მოვისმინეთ პარლამენტში — ჩვენ გვქონდა მთავარი პროკურორის ანგარიში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა მთელ რიგ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და აქვს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის უწყებები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებულად წარმატებულები არიან.

მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, თუ როგორი საყურადღებო გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა მშვიდად, თანმიმდევრულად და კოორდინირებულად შეძლეს, რომ ქვეყანას აარიდეს არაერთი ეგზისტენციალური საფრთხე — მათ შორის რევოლუციური მცდელობები, სიძულვილის ენა და ძალადობრივი აქციები. სახელმწიფოს წინააღმდეგ აღკვეთილი იქნა არაერთი დანაშაული და ჩატარდა ეფექტური პრევენციული ქმედებები. ასევე, ქვეყანა აქტიურად ებრძვის ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულებს, და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი ძალოვანი უწყებები მნიშვნელოვან და ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

შედეგებიც სახეზეა — ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით როგორ არის გაზრდილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და შემცირებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოძრაობა ქვეყანაში. კორუფციული დანაშაულის კუთხითაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იქნა გახსნილი. აღიკვეთა ძალადობრივი, კარგად ორგანიზებული და გარედან დაფინანსებული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში არეულობას, სამოქალაქო დაპირისპირებასა და სახელმწიფოს შერყევას.

ჩვენ მოვახერხეთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი — მშვიდობა, და მნიშვნელოვნად წინ წავწიეთ საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რაც ბუნებრივია, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი. აქ ასევე უნდა აღინიშნოს სასამართლო სისტემაც, რომელიც მაქსიმალურად გამართულად მუშაობს, და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ცხოვრობს სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც დაცულია მისი უფლებები, პირადი ღირსება, უსაფრთხოება და სადაც კანონი და სამართალი ჩვენი საზოგადოების სადარაჯოზე დგას“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.