„როდესაც აღარ დარჩათ არგუმენტები და პოლიტიკურად სათქმელი შემოელიათ, ისინი პირდაპირ აგრესიასა და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი გაბუნიამ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს იყო არასასიამოვნო ფაქტი. ყველა შევწუხდით და ეს არავის გვესიამოვნა, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ: ჩემ გვერდით ზის ირაკლი ხელაძე — ჩემი კოლეგა და ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვუსმენდით პრემიერის მოხსენებას. აბსოლუტურად ყველა ბრალდებასა და პროვოკაციას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი იმ 12 თუ 13 ადამიანის მხრიდან, პრემიერმა უმაღლესი დონის პასუხები გასცა. მან არგუმენტებითა და მტკიცებულებებით პოლიტიკურად სრულად გაანადგურა ყველა ის კრიტიკა, რაც პარლამენტში ჩვენი ხელისუფლების მიმართ მოვისმინეთ. როდესაც აღარ დარჩათ არგუმენტები და პოლიტიკურად სათქმელი შემოელიათ, ისინი პირდაპირ აგრესიასა და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
ვინაიდან ირაკლი ჩემ გვერდით ზის, მე თვითონ ვიყავი მომსწრე იმისა, რაც მოხდა — ირაკლიმ უბრალოდ უთხრა, თუ რა უზრდელობა იკადრა მისმა კოლეგამ, რასაც პირდაპირ მოჰყვა აგრესია, შეგინება და ირაკლიზე ხელით გაწევა. შესაბამისად, ეს იყო პასუხი აგრესიასა და პროვოკაციაზე. რა თქმა უნდა, ძალადობა არანაირად არ არის მისაღები, მაგრამ პროვოკაცია და ძალადობა, რომელიც პარლამენტში შემოგზავნილმა რადიკალებმა მოაწყვეს, წინასწარ იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, საქართველოში არასდროს დადგება დრო, როდესაც ქართველი კაცი დედის გინებას უსიტყვოდ გაატარებს. იქ იყო დედის გინება, ფიზიკური ძალადობა და, რა თქმა უნდა, ამ ფიზიკურ ძალადობაზე იძულებულები გახდნენ, პასუხი გაეცათ. ეს იყო და ეს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


