„მთავრობის აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულებაზე. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ამ თანამშრომლობას ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული შედეგების მოტანა შეუძლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან და ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
“ბუნებრივია, რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველო ასრულებდა ძალიან პოზიტიურ როლს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და განვითარება. ვგულისხმობთ აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს – სამ მეზობელ ქვეყანას. ასევე გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებთან.
როგორც პროგრამაში აღნიშნულია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ბუნებრივია, არის ჩვენი არა მარტო სამთავრობო პრიორიტეტი, არამედ უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა.
პარალელურად, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმოება. ამ კუთხით ჩვენი საქმიანობა იყო წარმატებული მთელი ამ წლების განმავლობაში და ასევე გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას. აქტიურად ვიზრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


