„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული მარცხი განიცადა: მიუხედავად ირანზე მიყენებული უმძიმესი დარტყმებისა, შედეგი საპირისპიროა — თეირანი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და შესაბამისადაც მოქმედებს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„წამყვანი ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები (მათ შორის კონგრესში) და დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული მარცხი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ირანს ამხელა დარტყმა მიაყენეს — ფიზიკურად გაანადგურეს ადამიანები და დააზიანეს ინფრასტრუქტურა — შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა: ირანი თავს გამარჯვებულ მხარედ მიიჩნევს და შესაბამისადაც იქცევა. მაგალითისთვის დოჰას მოლაპარაკებაც კმარა: 17 ივნისს ხელი მოეწერა 14-პუნქტიან შეთანხმებას და თუ ამ პუნქტებს მივყვებით, პრაქტიკულად ყველა მათგანი ირანის სასიკეთოდაა მიმართული — საინვესტიციო ფონდი, სანქციების მოხსნა, ნავთობით თავისუფალი ვაჭრობა, კომპენსაციები და ა.შ. გარდა ამისა, დოკუმენტის ბოლოში აღნიშნულია, რომ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკება ცალკე უნდა შედგეს.
საქმე ისაა, რომ ჰორმუზის სრუტის რეალური აღდგენა და იქ თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა არ ხდება. ირანს სურს (და ამას არც მალავს), ომანთან ერთად დააწესოს სრუტეზე კონტროლი, გახადოს იგი ლეგალური და დააწესოს გადასახადი მასში გავლისათვის.
ჩვენს თვალწინ მტკიცდება ის, რასაც ჰენრი კისინჯერი ამბობდა: „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ამერიკის მეგობრობა ფატალურია“. ამაში იგულისხმება ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ენდობოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და თავს დაცულად გრძნობდნენ, რადგან მათი ძალა და სიმდიდრე იქ განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ეფუძნებოდა. ეს ყველაფერი დაიმსხვრა და მათ კოლოსალური ზარალი მიადგათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაჩნდა მოლოდინი: თუ ირანი მტკნარი წყლის რეზერვუარებსა და გამამტკნარებელ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს, ამ ქვეყნებს ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნებათ. შესაბამისად, ხუხულასავით დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ „ჩვენ ამერიკის მეგობრები ვართ და ამერიკა გვიცავს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


