„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გაწირა ადამიანმა საკუთარი პიარისა და ვიწრო ინტერესებისთვის თავისი ერი — უკრაინას ამ უბედურების აცილება შეეძლო“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩანს, რომ პუტინს შინაგანად სჯერა, რომ ძალიან მალე გაიმარჯვებს. ამას თავადვე ამბობს და ამასვე ადასტურებს მისი უახლესი გარემოცვიდან გამოჟონილი ინფორმაციაც. ასე რომ, იგი არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მას არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებს, გარდა იმ ულტიმატუმისა, რომელიც თავის დროზე წამოაყენა — უკრაინა გავიდეს იმ ტერიტორიებიდანაც კი, რომლებიც რუსეთმა დღემდე ვერ აიღო თავისი კონტროლის ქვეშ, დათმოს დონბასი და სცნოს, რომ ეს ყველაფერი რუსეთისაა — ყირიმით დაწყებული, გარკვეული ოლქებით დამთავრებული. ამ ფონზე მიდის სპეკულაციები და მსჯელობები, მაგრამ გარემოცვა არ დაუსვამს ამას წერტილს? სადამდე მოუთმენენ? ამ მხრივ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ტაქტიკური ბირთვული იარაღის თემა და ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა დაშვებულ იქნას მისი გამოყენება. მე სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ პუტინმა გასცეს ბრძანება ამ იარაღის გამოყენებაზე, თუმცა რა მოჰყვება ამ ბრძანებას, არ ვიცი. მეეჭვება კიდეც, რომ შეასრულონ, რადგან რუსეთის გენერალიტეტში საკმაოდ ბევრი მოაზროვნე ადამიანია და კარგად ესმით, რა მოხდება ამ შემთხვევაში.
ერთ-ერთ თავის ბოლო გამოსვლაში პუტინმა თქვა: ჩვენ ვიგებთ ამ ომს, ვუტევთ და მალე სრულად გავიმარჯვებთო. და საერთოდ, რუსეთი ან იარსებებს როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან საერთოდ არ იარსებებსო. აი, ასეთი აპოკალიფტური სურათია. ეს ადრეც აქვს ნათქვამი პუტინს და ახლაც გაიმეორა. მით უმეტეს, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ამას მოითხოვენ — მათ შორის ცნობილი მეცნიერები და ა.შ.
ზელენსკი იმდენად არის დამნაშავე, ბევრი რამ აქვს ჩადენილი და კორუფციის სიმბოლოა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას შეეძლო ეს ყველაფერი არ დაეშვა — თუნდაც სულ მცირე კომპრომისის ფასად. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გაწირა ადამიანმა საკუთარი პიარისა და ვიწრო ინტერესებისთვის თავისი ერი. უკრაინას შეეძლო ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის გატარებით აეცილებინა ეს უბედურება ქვეყნისთვის“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


