„სააკაშვილს არ შეუძლია გაუძლოს იმას, რომ თუნდაც ერთი-ორი დღე არ ფიგურირებდეს ტელეეკრანებსა თუ სოციალურ ქსელებში. თუნდაც ლანძღვა-გინება იყოს, მისი სახელი სულ უნდა ჟღერდეს — ამის გარეშე არ შეუძლია, როგორც გამოუსწორებელ ნარკომანს დოზის გარეშე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანარჩენი ფილიალები, როგორი დაპირისპირებაც უნდა გამოსჭვიოდეს მათ შორის, მთლიანად გაკოტრებულები არიან. რაზე უნდა ისაუბროს რომელიმე მათგანმა, რომ ვინმემ ყური ათხოვოს? ვერაფერზე. ციხე, შიმშილობა, შეხლა-შემოხლა და ის უბინძურესი პროვოკაცია პარლამენტში, რაც გახარიას პარტიამ მოაწყო… მე არანაირად არ ვამართლებ „ოცნების“ დეპუტატების რეაგირებას ამაზე, მაგრამ ადამიანს გაქვს უფლება, მოახდინო რეაგირება, როცა შენზე თავდასხმა მიმდინარეობს. ეს პროვოკაციები არის ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ დარჩათ. ამ ფონზე ვხედავთ სააკაშვილის კრედოს — მას არ შეუძლია გაუძლოს იმას, რომ თუნდაც ერთი-ორი დღე არ ფიგურირებდეს ტელეეკრანებზე, გაზეთებსა თუ სოციალურ ქსელებში და მასზე არ მსჯელობდნენ. თუნდაც ეს გამოხმაურება იყოს უკიდურესად უარყოფითი, ლანძღვა-გინებაც კი, მისი სახელი სულ უნდა ჟღერდეს და თავად სულ უნდა ჩანდეს. ამის გარეშე მას ცხოვრება არ შეუძლია, როგორც გამოუსწორებელ ნარკომანს — დოზის გარეშე. შეუძლია სახურავზეც კი ავიდეს, როგორც ეს კიევში გააკეთა, ან რესტორანში დაჯდეს და დაელოდოს, როდის მოვა სპეცრაზმი — მთავარია, ეს ყველაფერი ეკრანებზე მოხდეს.
ხალხიც აღარ ჰყავთ, მათი მხარდამჭერების რიცხვი მინიმუმამდეა შემცირებული, პრაქტიკულად ნულია. თუმცა, მანამ, სანამ მათ აქვთ თავიანთი ტელევიზიები, საკუთარი ფული პერფორმანსების მოსაწყობად და ჰყავთ დასავლელი პატრონები (საიდანაც ფინანსების ნაწილიც მოდის), ისინი ჩადიან დასავლეთში და საქართველოსთვის მტრული რეზოლუციების მიღებაში იღებენ მონაწილეობას. ეს არის მათი სახე, რაც ზედაპირზე ჩანს, თორემ რეალურად სრულიად გაკოტრებულები არიან“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


