„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
„მინდა, საზოგადოებას გავახსენო წინა, მეათე მოწვევის პარლამენტი, სადაც მსგავსი ტიპის შემთხვევები იყო ძალიან ხშირი. ეს სდებოდა იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობა” და მისი ფილიალები იყვნენ იქ. ვერ გაიხსენებთ ვერცერთ კანონპროექტზე მათ გამოსვლას და ჯანსაღ კრიტიკას – იყო სულ დაპირისპირება. თუ შემოვიდოდნენ სხდომათა დარბაზში, ამას აკეთებდნენ მხოლოდ დაპირისპირებისთვის.
ახლა, როდესაც გახარია და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არ არიან “ნაცები”, ემიჯნებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და ა.შ., საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნარატივი და მიდგომები ერთი და იგივეა.
სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა არ არის და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული გადაცდომაა. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრზე საქმე აღიძვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა და გამოძიებაც მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება დაიწყოს. მაგრამ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თემაზე რომ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ხომ უფრო პოლიტიკურ აქტთან გვაქვს საქმე? ეს ინცინდენტი უფრო პოლიტიკურადაა შესაფასებელი, ვიდრე სამართლებრივად.
როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან? – გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ქვეყნისა და გუნდის ჩვეულებრივი მოღალატე; გაქცეულია ახლა გერმანიაში და იქიდან საყვედურობს პარლამენტში ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩხუბი კარგი არ არის, მაგრამ, ვიმეორებ: ეს ხალხი არაფრით განსხვავდება “ნაცებისგან”. 12 ადამიანია პარლამენტში და საქმე და სალაპარაკო არაფერი აქვთ? უამრავი შესაძლებლობა აქვთ, ტრიბუნით დაწყებული, საკომიტეტო მოსმენებით დამთავრებული; გამოვიდნენ და საზოგადოებას დაანახონ, რომ ხელისუფლებაზე უკეთესი ალტერნატივა არიან. ეს შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ნაცვლად ამისა, ლანძღვა-გინებასა და დაცინვაზე გადადიან. სად არის მათი პოლიტიკური ალღო და რით განსხვავდებიან “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც ანალოგიურ ნარატივს ატარებდა?! ვისაც ემიჯნებიან, სამწუხაროდ, ზუსტად მათი მეთოდებით მოქმედებენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


