გია აბაშიძე „ნაცმოძრაობაზე“: „ამ „არანორმალურ პარტიაში“ ახლა ის დრო დადგა, როდესაც სარეველებმა ერთმანეთის ამოძირკვა და პოლიტიკური ბორტიდან გადაყრა დაიწყეს“

30

„ამ „არანორმალურ პარტიაში“ ახლა ის დრო დადგა, როდესაც სარეველებმა ერთმანეთის ამოძირკვა და პოლიტიკური ბორტიდან გადაყრა დაიწყეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე თავადაც აღიარებენ, რომ ბოლო არჩევნებზე, თუნდაც დედაქალაქში, არცთუ ისე კარგი შედეგები ჰქონდათ. ფაქტია, პარტია იმდენად დაიშალა და დაიბნა, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ. მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ პარტიას აქვს მომავლის გეგმა საპარლამენტო არჩევნებისთვის (რომელიც საკმაოდ შორს არის), ამ „არანორმალურ პარტიაში“ ახლა ის დრო დადგა, როდესაც სარეველებმა ერთმანეთის ამოძირკვა და პოლიტიკური ბორტიდან გადაყრა დაიწყეს.

ამითვე აიხსნება ისიც, რომ აღარ იციან, ვის დაეტაკონ და ვის უკბინონ — მათი ქცევა კუთხეში მომწყვდეული ვირთხების რეაქციას ემსგავსება. ამას ემატება ისიც, რომ ამ ვითომ დემოკრატიულ სუბიექტებს ციხიდან მართავს უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი — ხან უსტარებით, ხანაც სასამართლო დარბაზიდან გაკეთებული განცხადებებით. მთელი ეს პარტია მხოლოდ ამ ერთ, ლუზერ ტიპზეა დამოკიდებული.

ახლა კი აღმოჩნდა, რომ საწევროების აკრეფა დაიწყეს (არ ვიცი, ეს რეკლამისთვისაა, მობილიზებისთვის თუ მართლა ფული გამოელიათ). ვინმე წითლიძე, რომელიც ჩემთვის სხვებისგან არაფრით განსხვავდება, რადგან იქ ყველას ერთი სახე აქვს და მხოლოდ სახელები და გვარები აკავშირებთ, აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი ათეულათასობით მხარდამჭერი ციხეში გამოკეტა. ამ უტიფარ ქალბატონს რატომღაც ავიწყდება, რას აკეთებდა ნაცჯალათების რეჟიმი იმ 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის დროს — რამდენი ოჯახი გააუბედურეს და რამდენი ადამიანი გადიოდა პრობაციას.

აქვე საინტერესოა, სად არის კონსილიუმის დასკვნა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? გაიჟღერა რევმატიზმმა და ოსტეოქონდროზმა — დაავადებებმა, რომლებიც პლანეტის უამრავ მოსახლეს სჭირს. გასაგებია, რისთვისაც დასჭირდათ ეს ყველაფერი: წინა ფარსი ჩაუვარდათ. ჯერ სააკაშვილი „კვდებოდა“, ახლა ხოშტარია „ხმება“… ეს ასე არ გამოვა. ასწლიან მყარ ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, თუმცა ბევრ მათგანს, ამავდროულად, მრავალწლიან და კანონიერ პატიმრობასაც ვუსურვებ.

რაც შეეხება „სვეცკობაზე“ საუბარს, რასაც ბოლო დროს აქტიურად ტირაჟირებენ: როდესაც ამ თემაზეა ლაპარაკი, სააკაშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა და „ტვ პირველისა“ თუ „გოიმ კანალის“ ფსევდოჟურნალისტებმა ეს სიტყვა საერთოდ არ უნდა ახსენონ, რადგან მისი მნიშვნელობა არც იციან. როდესაც თავი ცარიელი გაქვს, არაფრის გაგებაში არ ხარ და მხოლოდ პრეტენზიული თავთავივით ირწევი, „სვეცკობაზე“ პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს. ნაცსექტის ამ საზომით შეფასება შეუძლებელია.

ახლა იმასაც აღიარებენ, რომ ორი წლის წინ ხაბეიშვილის ერთპიროვნული გადაყენების საკითხი არა ჯანმრთელობის, არამედ სულ სხვა მიზეზით დადგა. თუ ამ „სვეცკ“ ბოკუჩავას დავუჯერებთ, მიზეზი ოპოზიციურ კოალიციაში ერთიანობის არარსებობა ყოფილა, რის გამოც ხაბეიშვილს საქმე აღარ უნდა გაეგრძელებინა.

კლასიკური გაგებით, პოლიტიკური ანალიზისა თუ თანმიმდევრულობის ჩარჩოებში ამ სექტის ქმედებები არსად ჯდება. ეს არის ერთი ბოროტი კაცის ხუშტურებზე აგებული ორგანიზაცია, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს. ეს გუნდი ისედაც დანაწევრებულია, დაყოფილია ჯგუფებად და თავადაც ვერ გაურკვევიათ, რა უნდათ. აქვთ მეგაამბიციები, თუმცა რეალობა სულ სხვაა — მინუსებში არიან. ამიტომაც უწევთ ახლა გადაფასება, თუ რეალურად ვინ ვინ არის მათ რიგებში, ვის შეუძლია პოლიტიკური ქულების მოტანა (რაც ძალიან საეჭვოა) და ვინ შეიძლება გააგრძელოს საქმიანობას მომავალ „პარტიაში“, – განაცხადა გია აბაშიძემ.